English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ლევან საბაურინადეჟდა კვატაშიძე
საწარმოთა გაერთიანების იდენტიფიკაციის ზოგიერთი ასპექტის შესახებ

https://doi.org/10.56079/20221/3

 

სტატიაში განხილულია საწარმოთა გაერთიანებების  იდენტიფიკაციის კრიტერიუმები და მისი მნიშვნელობა ფინანსური ანგარიშგების  მომხმარებლებისათვის  შესაბამისი და სამართლიანი ინფორმაციის წარსადგენად. მიზანი და ამოცანააფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ საწარმოთა გაერთიანების იდენტიფიკაციის კრიტერიუმებში შეტანილი ცვლილებების გაზიარება და მათი დანერგვა  პრაქტიკაში. იდენტიფიკაციის კრიტერიუმების  სიახლეს წარმოადგენს საწარმოს კრიტერიუმების დაზუსტება,  „აქტივების რეალური ღირებულების კონცენტრაციის ტესტის“ შემოღება. 

      კვლევისას გამოყენებულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი სტანდარტები, სახელმძღვანელო-სარეკომენდაციაო მასალები, სამეცნიერო სტატიები, მონოგრაფიები,  სისტემატიზაციის და შედარების მეთოდები.

აღნიშნულის საფუძველზეჩამოყალიბებულია  საწარმოს იდენტიფიკაციის ელემენტები (რესურსები, პროცესები, პროდუქცია) და კრიტერიუმები (საწარმო და კონტროლი);  განხილულია  არსებითი პროცესების მახასიათებლები  - პროდუქციის საწარმოებლად პროცესების „პრინციპული მნიშვნელობა“ და ორგანიზებული შრომითი რესურსები; გაანალიზებულია აქტივების რეალური ღირებულების კონცენტრაციის ტესტის მნიშვნელობა. 

საწარმოთა გაერთიანების იდენტიფიკაციის კრიტერიუმების დახვეწა ამარტივებს  აღნიშნულ პროცესს, ზღუდავს მისი აღიარების  არეალს, რაც გავლენას ახდენს ფინანსური ინფორმაციის ხარისხზე.

 

საკვანძო სიტყვები: საწარმოთა გაერთიანება, საწარმო, კონტროლი, კონცენტრაციის ტესტი,  არსებითი პროცესები, ორგანიზებული შრომითი რესურსები.

JEL Codes:  L50, L51, L53

 

შესავალი

გლობალიზაციის პირობებში საწარმოთა რიცხვი მცირდება, მაგრამ მათი ზომა იზრდება. ეს ტენდენცია უფრო აქტუალური გახდა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის  პირობებში, რასაც ახლავს ბიზნესის სხვადასხვა ტიპის კომბინაცია _ საწარმოთა გაერთიანება.  ხდება ცალკეული სამეურნეო ერთეულის ან საწარმოების გაერთიანება ერთ ანგარიშვალდებულ სამეურნეო ერთეულად. საწარმოთა გაერთიანების მოტივაციაა გასაღების ახალი ბაზრის, ახალი სრულყოფილი ტექნოლოგიების, ახალი კონკურენტული პროდუქციის მოძიება,  მოგების გაზრდა, კონკურენციის შემცირება.  საწარმოთა გაერთიანებით იზრდება საწარმოს მასშტაბები და მისი კონკურენტუნარიანობა, შესაძლებელი ხდება თავისუფალი ფულადი სახსრების დაბანდება და კაპიტალის მართვა. 

ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა შეიძინა მან - საწარმო (ბიზნესი) თუ აქტივების ჯგუფი, ვინაიდან მათი  აღრიცხვის მეთოდები და  ფინანსური ანგარიშგებაში წარდგენის წესები განსხვავებულია. იმ შემთხვევაში, როცა სამეურნეო მოვლენა არ იდენტიფიცირდება საწარმოთა გაერთიანებად, ის აღიარდება  აქტივების შეძენად.  სამეურნეო მოვლენები, რაც იდენტიფიცირებული იქნება „საწარმოთა გაერთიანებად“, აღირიცხება და აისახება ფინანსურ ანგარიშგებაში საერთაშორისო სტანდარტის (ფასს 3)  „საწარმოთა გაერთიანების“ შესაბამისად (IFRS 3 - Business Combinations).  ამ სტანდარტის თანახმად, ბიზნესის შეძენა აიახება „შეძენის მეთოდით“  (acquisition method) და ანგარიშგების სრული კონსოლიდაციით, ხოლო  „აქტივების შეძენის“ შემთხვევაში ხდება არა ანგარიშგების კონსოლიდაცია, არამედ საკუთარ ფინანსურ  ანგარიშგებაში  ახალი აქტივების აღიარება. აშკარაა, რომ აღრიცხვის მეთოდი გავლენას ახდენს კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე, როგორიცაა გუდვილი, მისი გაუფასურების ზარალი,  არამაკონტროლებელი წილი (non-controlling interest), ჯგუფის მოგება და სხვა. „აქტივების შეძენით“  არ აღიარდება გუდვილი, ამის ნაცვლად ის აღიარდება  (ჩაირთვება) აქტივებში (მაგრამ, არ უნდა გადააჭარბოს მათ რეალურ ღირებულებას).

ამდენად, მნიშვნელოვანია იმაში გარკვევა, თურა შემთხვევაშია შესაძლებელი მოვლენების და ოპერაციების იდენტიფიკაცია  საწარმოთა გაერთიანებად, თუ რა არის საწარმოთა გაერთიანება - რომელი სამეურნეო მოვლენები შეიძლება იდენტიფიცირდეს საწარმოს (ბიზნესის) შეძენად და რა კრიტერიუმები უნდა  დაკმაყოფილდეს საწარმოთა გაერთიანების აღიარებისთვის (Levan Sabauri, Nadezhda Kvatashidze 2020). 

ფასს 3-ის ახალი განმარტებით, საწარმოთა გაერთიანება არის სამეურნეო ოპერაცია ან სხვა მოვლენა, რომლის დროსაც მყიდველი საწარმო კონტროლს იღებს ერთ ან მეტ საწარმოზე (IFRS Foundation 2021). ამდენად, საწარმოთა გაერთიანების იდენტიფიკაციის კრიტერიუმებია საწარმო, ასევე მყიდველი საწარმოს მიერ კონტროლის უფლების მოპოვება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საწარმოსა და  კონტროლის კატეგორიებში გარკვევა.  

 

საწარმოს იდენტიფიკაციის კრიტერიუმები

 

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ (International Accounting Standards Board - IASB) ცვლილებები შეიტანა საწარმოთა გაერთიანების ცნებაში, რითაც მნიშვნელოვნად გაამარტივა მისი  იდენტიფიკაციის  კრიტერიუმები და პროცესი. ფასს 3-ით საწარმო არის საქმიანობებისა და აქტივების ინტეგრირებული კომპლექსი, რომელთა განხორციელება და  მართვა შესაძლებელია:

  • მომხმარებლებისთვის საქონლის ან მომსახურების მისაწოდებლად;

  •  საინვესტიციო შემოსავლის მისაღებად (როგორიცაა დივიდენდები ან პროცენტები); 

  • ან  სხვა სახის შემოსავლის მისაღებად ჩვეულებრივი საქმიანობიდან.

 

ფასს 3-ის შესაბამისად ნებიესმიერი საწარმო უნდა შედგებოდეს შემდეგი სამი ელემენტისაგან: 

ა) რესურსები (input): ნებისმიერი ეკონომიკური რესურსი, რომელიც ქმნის პროდუქციას, ან გააჩნია პროდუქციის შექმნაში მონაწილეობის მიღების უნარი. მაგალითად, გრძელვადიანი აქტივები (მათ შორის, არამატერიალური აქტივები ან გრძელვადიანი აქტივების გამოყენების უფლებები), ინტელექტუალური საკუთრება,  მასალები და შრომით რესურსებზე წვდომის მოპოვების შესაძლებლობა;

ბ) პროცესი (Process): ნებისმიერი სისტემა, სტანდარტი, პროტოკოლი, კონვენცია ან წესი, რომელიც რესურსის ან რესურსების მიმართ გამოყენებისას ქმნის პროდუქციას, ან გააჩნია პროდუქციის შექმნაში მონაწილეობის მიღების უნარი. მაგალითად, სტრატეგიული მართვის პროცესები, საოპერაციო პროცესები და რესურსების მართვის პროცესები. იგი ასევე მოიცავს ორგანიზებული შრომითი რესურსების ინტელექტუალურ პოტენციალსაც, რომლებსაც გააჩნია აუცილებელი უნარ-ჩვევები, პრაქტიკული გამოცდილება და შეუძლიათ აუცილებელი პროცესების ამოქმედება, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება პროდუქციის შექმნის მიზნით; 

გ)პროდუქცია (output): შედეგი, რომელიც მიიღება რესურსების ისეთი  გამოყენების შედეგად, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის საქონლის ან მომსახურების მიწოდებას, საინვესტიციო შემოსავლის (როგორიცაა დივიდენდები ან პროცენტები) ან სხვა სახის შემოსავლის მიღებას ჩვეულებრივი საქმიანობიდან.

აღსანიშნავია, რომ ფასს 3-ით შეტანილი ცვლილებების თანახმად, საწარმოს იდენტიფიკაციისათვის პროდუქციის წარმოება სავალდებულო არ არის. მიჩნეულია, რომ საწარმოს ესაჭიროება ორი მთავარი ელემენტი: რესურსები და ამ რესურსების  გამოსაყენებელი პროცესები. აუცილებელი არ არის, რომ საწარმო აერთიანებდეს ყველა იმ რესურსსა და პროცესს, რასაც გამყიდველი იყენებდა მისი ფუნქციონირებისათვის. იმისათვის, რომ  საქმიანობებისა და აქტივების ინტეგრირებული კომპლექსი მიეკუთვნებოდეს საწარმოს, ის, როგორც მინიმუმი, უნდა მოიცავდეს რესურსებსა და რომელიმე არსებით პროცესს, რომლებიც მთლიანობაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროდუქციის შექმნის შესაძლებლობას (IFRS Foundation 2021).  

ფასს შემოაქვს ცნება – „არსებითი პროცესები“ და განმარტავს მას. თუ საქმიანობებისა და აქტივების შეძენილ კომპლექსს შეძენის თარიღისთვის არ გააჩნია პროდუქცია, შეძენილი პროცესი (ან პროცესების ჯგუფი) მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს მიჩნეული არსებითად, თუ:

     ა) მას  პრინციპული მნიშვნელობა (substantive)აქვს შეძენილი რესურსის ან რესურსების დამუშავების ან პროდუქციად გარდაქმნის შესაძლებლობისთვის;

        ბ) შეძენილი რესურსები მოიცავს როგორც ორგანიზებულ შრომით რესურსებს, რომლებსაც გააჩნიათ აუცილებელი უნარ-ჩვევები, ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ამ პროცესის (ან პროცესების ჯგუფის) ასამოქმედებლად/განსახორციელებლად, ისე სხვა რესურსებს, რომელთა დამუშავებას ან პროდუქციად გარდაქმნას შეძლებდა ორგანიზებული შრომითი რესურსები. 

ცვლილებები შეტანილია შედეგების (პროდუქციის) განმარტებაშიც. ადრე, შედეგები განისაზღვრებოდა, როგორც შემოსავალი დივიდენდებით, ხარჯების შემცირებით ან სხვა ეკონომიკური სარგებელის სახით, რომელიც უშუალოდ მიეწოდება  ინვესტორებს ან სხვა მფლობელებს . ფასს 3-ში შეტანილი ცვლილებებით  IASB-მ შეზღუდა განმარტება და ყურადღბა გადაიტანა მომხმარებლებისათვის მიწოდებულ საქონელზე ან გაწეულ მომსახურებაზე, საინვესტიციო შემოსავალსა (როგორიცაა დივიდენდები ან პროცენტები) და სხვა შემოსავალზე ჩვეულებრივი საქმიანობიდან.  

საბჭოს განმარტებით, წინა მითითება – შედეგების (პროდუქციის) გაიგივება ხარჯების შემცირებასა და უშუალოდ ინვესტორებისთვის მიწოდებული სხვა ეკონომიკური სარგებლთან,  არ ასახავდა განსხვავებას აქტივებსა და საწარმოს შორის. მაგალითად, ბევრი აქტივის შეძენა შეიძლება  ხარჯების შემცირების მოტივაციით, მაგრამ შეიძლება არ მოიცავდეს არსებითი პროცესის შეძენას, ამიტომ ეს ფორმულირება გამოირიცხა შედეგებისა და საწარმოს  განმარტებიდან.

 

რეალური ღირებულების კონცენტრაციის ტესტი „concentration test“  

ბიზნესის მახასიათებლების შეფასების პროცესის (რესურსების, არსებითი პროცესების, ორგანიზებული შრომითი რესურსების) გამარტივება შესაძლებელია ფასს 3-ით შემოთავაზებული ბიზნესის (საწარმოთა გაერთიანების) იდენტიფიკაცის ე.წ. „აქტივების რეალური ღირებულების კონცენტრაციის ტესტირებით“.  ტესტის მთავრი კითხვაა: არის თუ არა  შეძენილი მთლიანი აქტივების რეალური ღირებულება კონცენტრირებული ერთ აქტივში ან აქტივთა ჯგუფში (PWC 2021). თუ პასუხი დადებითია, შენაძენი არ წარმოადგენს საწარმოს და მისი შემდგომი ანალიზის გაგრძელება არაა საჭირო. თუ კონცენტრაციის ტესტის პასუხი უარყოფითია, ან საწარმო გადაწყვეტს, რომ არ გამოიყენებს მოცემულ ტესტს, მაშინ მან უნდა ჩაატაროს  შემდეგი საკითხების ანალიზი (Grant Thornton 2020):

  • შეძენილი აქტივების სტრუქტურის  - შეძენილია ერთი აქტივი, თუ აქტივთა ჯგუფი;

  • შეძენილი მთლიანი აქტივების პრაქტიკულად მთელი სამართლიანი ღირებულება           კონცენტრირებულია თუ არა ერთ იდენტიფიცირებად აქტივში ან მსგავსი იდენტიფიცირებადი აქტივების ჯგუფში; 

  • არის თუ არა შეძენილი პროცესები არსებითი.

რეალური ღირებულების კონცენტრაციის ტესტისათვის საჭიროა დადგინდეს შეძენილი მთლიანი  აქტივების (და არა წმინდა აქტივების) რეალური ღირებულება, რადგან, მაგალითად, კრედიტორულ დავალიანებას და სესხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს იმის შეფასებაში, შეძენილია თუ არა ბიზნესი;  მხედველობაში არ მიიღება ფულადი სახსრები, გადავადებული გადასახადები და გუდვილი. მთლიანი  აქტივების რეალური ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელია ძირითადი (პირდაპირი) და ირიბი (არაპირდაპირი) მეთოდებით (Deloitte 2020): ძირითადი მეთოდით – შეძენილი მთლიანი აქტივის რეალური ღირებულება +  გუდვილი -  ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები  - გადავადებული საგადასახადო აქტივი; 

ირიბი მეთოდით:  გადახდილი ანაზღაურება + აღებული ვალდებულებების რეალური ღირებულება (გარდა გადავადებული საგადასახადო ვალდებულებების)  - ფულადი სახსრები და მისი ეკვივალენტები - გადავადებული საგადასახადო აქტივი.

 

ეკონომიკური რესურსების კონტროლის იდენტიფიკაცია

ინვესტორმა, მიუხედავად მისი მონაწილეობის ხასიათისა ინვესტირებულ საწარმოში, უნდა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა ის მშობელ საწარმოს, რისთვისაც უნდა შეაფასოს, აკონტროლებს თუ არა ის ინვესტირებულ საწარმოს. 

კონტროლი ეკონომიკურ რესურსს აკავშირებს საწარმოსთან. ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლების თანახმად, ეკონომიკური რესურსი არის უფლება, რომელსაც გააჩნია ეკონომიკური სარგებლის შექმნის პოტენციალი (IFRS Foundation 2021).

საწარმო იმ შემთხვევაში აკონტროლებს ეკონომიკური რესურსს, თუ მას უკვე გააჩნია მიმდინარე (ძალაში შესული) შესაძლებლობა, განსაზღვროს ეკონომიკური რესურსის გამოყენების წესი და მიიღოს ეკონომიკური სარგებელი, რომლის მიღებაც შესაძლებელია ამ ეკონომიკური რესურსიდან. კონტროლი მოიცავს მიმდინარე (ძალაში შესულ) შესაძლებლობასაც, ხელი შეუშალოს სხვა მხარეებს ეკონომიკური რესურსის გამოყენების წესის განსაზღვრასა და იმ ეკონომიკური სარგებლის მიღებაში, რაც შესაძლებელია ამ ეკონომიკური რესურსიდან. ეს იმას გულისხმობს, რომ თუ რომელიმე ერთი მხარე აკონტროლებს ამ ეკონომიკურ რესურსს, ვერც ერთი სხვა მხარე მას  ვერ გააკონტროლებს.

მყიდველი საწარმოს, ანუ იმ სამეურნეო ერთეულის დასადგენად, რომელიც კონტროლს იღებს შეძენილ საწარმოზე, გამოყენებულ უნდა იქნეს ფასს 10 „კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების“  სახელმძღვანელო მითითებები.  ფასს 10-ის თანახმად, ინვესტორი იმ შემთხვევაში აკონტროლებს ინვესტირებულ საწარმოს, როდესაც ის ექვემდებარება რისკებს, რაც დაკავშირებულია ინვესტირებულ საწარმოში მისი მონაწილეობიდან ცვალებადი შემოსავლების მიღებასთან, ან გააჩნია ინვესტირებული საწარმოდან ცვალებადი შემოსავლების მიღების უფლება და ასევე ამ შემოსავალზე ზემოქმედების შესაძლებლობა, ინვესტირებულ საწარმოსთან მიმართებით თავისი უფლებამოსილების მეშვეობით (IFRS Foundation 2021). 

ამგვარად, ინვესტორი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ აკონტროლებს ინვესტირებულ საწარმოს, თუ ინვესტორს გააჩნია  ქვემოთ ჩამოთვლილი:

ა) უფლებამოსილება ინვესტირებულ საწარმოსთან მიმართებით; 

ბ) ექვემდებარება რისკებს;

გ) შესაძლებლობა იმისა, რომ ინვესტირებულ საწარმოსთან მიმართებით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს თავისი შემოსავლების ოდენობაზე გავლენის მიზნით.

თუ საწარმოთა გაერთიანება განხორციელდა, მაგრამ ფასს 10-ის მითითებების გამოყენებით ნათლად არ გამოჩნდა, რომელი გაერთიანებული სამეურნეო ერთეული წარმოადგენს მყიდველს, მაშინ ამის დასადგენად საწარმომ უნდა განიხილოს ფასს 10-ში აღწერილი ფაქტორები.

 

დასკვნა

  •       საწარმოთა გაერთიანება არის კომპანიების ზომების გაზრდის ჩვეულებრივი გზა და ტრანზაქცია, რომლის დროსაც შემძენი საწარმო იღებს კონტროლს სხვა საწარმოზე (შეძენილზე). გაერთიანების კრიტერიუმებია კონტროლი და საწარმოს არსებობა.  ფასს-ით საწარმო არის საქმიანობისა  და აქტივების ინტეგრირებული კომპლექსი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ინვესტორებისთვის შემოსავალი პროდუქციის მიწოდებით, მომსახურების გაწევით,  დივიდენდების,  პროცენტების ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სახით.

  • საწარმო შედგება სამი კომპონენტისაგან: რესურსების, პროცესებისა და შედეგებისაგან (პროდუქციის). ამვდაროულად, საქმიანობებისა და აქტივების ინტეგრირებული კომპლექსის ისეთი ორი კომპონენტი, როგორიცაა რესურსები და პროცესები, საკმარისია საწარმოდ აღიარებისთვის, ვინაიდან მათ გააჩნიათ  ხელშეწყობის უნარი პროდუქციის წარმოებისათვის, რაც  საკმარისია,  მიჩნეულ იქნეს საწარმოდ. კერძოდ,როდესაც შეძენის თარიღისათვის საქმიანობებისა და აქტივების ინტეგრირებულ კომპლექს არ გააჩნია პროდუქცია, მისი საწარმოდ  ინდეტიფიკაციისათვის ის უნდა მოიცავდეს არსებით პროცესებს. პროცესების არსებითობის მახასიათებლებია მათი პრინციპული მნიშვნელობა რესურსების პროდუქციად გარდაქმნაში  და ორგანიზებული შრომითი რესურსების არსებობა, რომელსაც გააჩნიათ რესურსების პროდუქციად გარდაქმნის შესაბამისი ინტელექტუალური პოტენციალი - უნარ-ჩვევები, ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;

  • საწარმოს შედეგები არ არის აბსტრაქტული, მკაფიოდ და კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული თუ რა მოიაზრება შედეგების ქვეშ. ეს არის მომხმარებლებისთვის საქონლის ან მომსახურების მიწოდება, საინვესტიციო შემოსავლის მიღება დივიდენდებისა ან პროცენტების სახით და ჩვეულებრივი საქმიანობიდან მიღებული სხვა სახის შემოსავლები;

  •  საწარმოთა გაერთიანების განმარტებაში შეტანილი ცვლილებები გამოიწვევს ტრანზაქციების დიდი ნაწილის აქტივების შეძენად აღიარებას (განსაკუთრებით უძრავი ქონების, ფარმაცეფტულ, ნავთობის და აირის  ბიზნესში).

 

ლიტერატურა:

  • Deloitte. (2020). New in IFRS –Review of Issued Amendments and Current Projects of the IASB . November 19, 2020.

  • Grant Thornton. (2020).Insights into IFRS 3. Definition of a Business (Amendments to IFRS 3). December 3, 2020.

  • IFRS Foundation. Conceptual Framework for Financial Reporting. IFRS Foundation. 4.20. London, December 4, 2021.

  • IFRS Foundation. IFRS 10 Consolidated Financial Statements. IFRS Foundation, 6-7. London, 2021.

  • IFRS Foundation. IFRS 3 - Business Combinations. London, December 22, 2021.

  • IFRS Foundation. IFRS 3-Business Combinations, b8. London, December 22, 2021.

  • Levan Sabauri, Nadezhda Kvatashidze. (2020). "Some aspects of loan and capital financial instruments." ECONOMICS AND BUSINESS, 108-116.

  • PWC. IFRS Bulletin, 30 JUne 2019. December 24, 2021.